მხილების მიზანია საჯარო დაწესებულებაში სამართალდარღვევისა და ეთიკური ნორმების დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მხილება გულისხმობს მამხილებლის მიერ საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. ხსენებული სუბიექტების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხილება შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოხელე ან ყოფილი მოხელე.
მამხილებლის მიერ მხილება უნდა განხორციელდებს კეთილსინდისიერად და იგი ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის თავიდან აცილებას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.
მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.mkhileba.acb.gov.ge) მეშვეობით ან სხვა საშუალებით.
მხილება შეიძლება იყოს ანონიმური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მამხილებლის მიერ წერილობით გამოხატული ნება მისი ვინაობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
მხილების ფაქტთან დაკავშირებით მამხილებელს და მის ახლო ნათესავს იცავს კანონი. მამხილებელი დაცულია სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვის ან მისი სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესებისაგან. დაუშვებელია მამხილებლის და მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, ზეწოლა, მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება. ასევე, დაუშვებელია მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება.
მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიები. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ მამხილებელს, მის ახლო ნათესავს, მხილების მოწმეს ან განცხადების განმხილველ ორგანოს შეუძლია მიმართოს საქართველოს პროკურატურას.
მამხილებელი დაცვის გარანტიებით არ სარგებლობს იმ შემთხვევაში, როდესაც:
გახსოვდეს! მხილება აძლიერებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, იცავს საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესებსა და სიკეთებს, ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებაში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დანერგვას და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას.
მხილება უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.